En   Ge
2024 წლის მიმდინარე ფოლადის წარმოება (ტონა)
ისტორია და ტრადიციები
  • 1940 წელს საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ მიიღო  რუსთავის მეტალურგიული ქარხნის  მშენებლობის გადაწყვეტილება ქ. რუსთავში. ეს განპირობებული იყო რეგიონში ძირითადი ნედლეულის რესურსების არსებობით და კასპიის ნავთობის საბადოებთან სიახლოვით. დაიწყო ქარხნის მშენებლობის წინასწარი სამუშაოები, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის  გამო შეჩერდა.
  • 1944 წლის 23 მარტს ქარხნის მშენებლობა განახლდა  ამიერკავკასიის რკინიგზის სადგურ  "რუსთავის" მიმდებარე ტერიტორიაზე.
  • 1946 წელს ამუშავდა პირველი დამხმარე საამქროები: თბოელექტროცენტრალი, მექანიკურ-შემკეთებელი საამქრო, ფასონური სხმულების საამქრო, ლითონკონსტრუქციების საამქრო და სხვა.
  • 1948 წელი ქარხნის დაარსების ოფიციალურ თარიღად  მიიჩნევა.
  • 1950 წლის 27 აპრილს მარტენული ქართული ფოლადის პირველი 150 ტონა  ნადნობი იქნა დამზადებული ქარხანაში.
  • 1952 წლის სექტემბერში  ქარხნის მილსაგლინავ საამქროში, “დგან 140-ზე"  პირველი ცხლადნაგლინი უნაკერო მილი დამზადდა.
  • 1953 წლის დეკემბერში, ქარხნის მილსაგლინავ საამქროში, მწყობრში ჩადგა “დგანი 400”, რომელიც  იმ დროისათვის უნაკერო მილების ერთ-ერთი უმსხვილესი  დგანი იყო მთელს ევროპაში.
  •  1954 წლის ივლისში,  ბრძმედის საამქროში,  პირველი ქართული თუჯი იქნა გამოდნობილი.
  • 1954 წელს ქარხანაში მიიღეს პირველი ქართული კოქსი.
  • 1955 წელს ამუშავდა ფურცლოვანი და სორტული ნაგლინის საამქროები. 
  • 1961 წელს  ამოქმედდა ცივად ადიდვის საამქრო.
  • 1962 წელს მილსაგლინავ საამქროში დასრულდა დგანი “400-ის" მთლიანი ავტომატიზაცია.
  • 1967 წელს პირველი უწყვეტი ჩამოსხმის დანადგარის მეშვეობით ჩამოასხეს სხმულ-სლიაბი.  
  • 1961-1991 წლებში საწარმოში სისტემატურად ხორციელდებოდა ძირითადი დანადგარების განახლების,საწარმოო  სიმძლავრეების გაზრდისა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისათვის საჭირო ღონისძიებები:
    • 1975-1980 წლებში ძირეულად განახლდა მარტენის ღუმელები და მათი მოცულობა 150 ტონიდან 200 ტონამდე გაიზარდა.
    • 1980 წელს  ბრძმედის რეკონსტრუქციის შედეგად მისი მოცულობა 750 მ3  -დან 1093 მ3-მდე გაიზარდა.
    • 1982 წელს ამუშავდა  ახალი აგროფაბრიკა.
  • 1944-1999 წლებში რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ   50 მლნ. ტონამდე ფოლადი და 36 მლნ. ტონაზე მეტი მზა ნაგლინი გამოუშვა, რაც  მილების, სამშენებლო არმატურის, ფურცლებისა და სხვა  პროდუქციის სახით დამზადდა.
  • 1999 წელს რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ფაქტიურად სრულად გაჩერდა.
  • 2006 წელს რუსთავის მეტალურგიული ქარხნის აქციების სრული პაკეტი შეიძინა ერთ-ერთმა ინგლისურ-ქართულმა კერძო კომპანიამ და მას შემდეგ დაიწყო ქარხნის რეაბილიტაციის რთული პროცესი.
  • 2009 წელს ქარხნის ფოლადსადნობ საამქროში დამონტაჟდა ინდუქციური ღუმელები, აგრეთვე გარემონტდა სორტული გლინვის საამქრო და დაიწყო არმატურის წარმოების პროცესი.
  • 2011 წელს წარმოების მრავალწლიანი გაჩერების შემდეგ, განახლდა წარმოების პროცესი ქარხნის მილსაგლინავ საამქროში, კერძოდ კი „დგან 400“-ზე წარმატებით განხორციელდება სხვადასხვა დიამეტრის უნაკერო მილების წარმოება ერთ-ერთი მსხვილი საერთაშორისო კომპანიის დაკვეთით.
  • 2011 წელს ქარხნის მფლობელებმა და ახალმა მენეჯმენტმა  დაუბრუნეს ქარხანას ძველი, ისტორიული სახელი.  იმისათვის რომ რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ დაიბრუნოს ძველი მასშტაბები და გაიმყაროს პოზიციები ქვეყნის ინდუსტრიულ საზოგადოებაში, უპირველესი ამოცანაა წარმოების მოცულობის ზრდა. ამ მიზნით, დღეს ქარხნის მენეჯმენტი თანმიმდევრულად ახორციელებს ქარხნის სისტემურ განახლებას, გადაიარაღებას, ნერგავს ახალ ტექნოლოგიებს და გამოცდილი კადრების ხელშეწყობით ამზადებს ახალგაზრდა კადრებს.